ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს და ამასთან ერთად, ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ტერიტორიაზე პროექტის მიხედვით სტადიონი და რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობა გადაწყვიტა.
მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია “იბერია სტარ გრუპი” აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრი, "ქართული ოცნებიდან" მაგდა კოსტავაა. ისინი კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ.
"ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ნებისმიერმა გეოდეზისტმა, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ რიონის გვერდით ასე ახლოს არ უნდა აშენდეს 10-სართულიანი შენობა. ხალხი ძალიან დაშინებულია იმით, რომ შეიძლება განმეორდეს ბათუმი. გარდა ამისა, ჩვენთან ვერ შემოვა სახანძრო, ხანძრისგან არავინ ვარ დაზღვეულები", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კომპანიის იურისტის თემურ მესხის ინფორმაციით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდარტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობა გამორიცხულია.