"ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები პარტიას ქმნიან და სატელიტობას გამორიცხავენ

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები პარტიას ქმნიან. დეპუტატები პარტიის სახელწოდებას ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

უმრავლესობიდან დემარშით წასულების გაერთიანებას ბექა ნაცვლიშვილი ჩაიბარებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, წევრები კი მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი იქნებიან. დეპუტატები ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაში მათ რიგებს საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი პირი დაემატება.

პარტიას არ შექმნიან, მაგრამ პოლიტიკაში რჩება უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატების კიდევ ერთი ნაწილი. თამარ ჩუგოშვილი მის თანამოაზრეებთან ერთად ჯერ კიდევ ფიქრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიასთან ითანამშრომლოს. შეთავაზება თითქმის ყველასგან აქვთ, მათ შორის „ლელოდან“ და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობიდან".

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ლევან კობერიძეც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუმცა ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები საკრებულოდან 2020 წელს გადამწყვეტ არჩევნებში ისევ აქტიურ პოლიტიკაში იქნებიან. ჯაბა ჯიშკარიანი უმრავლესობიდან დემარშით წასულების ახალ პარტიაში წევრიანდება. ვატო შაქარიშვილი კი გადაწყვეტილებას პოლიტიკური პროცესების შესაბამისად მიიღებს. ამბობს, რომ ჯერ საკრებულოს წევრად რჩება.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ისინი 2020 წლის საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად ერთვებიან. ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტები არ იქნებიან და მმართველ პარტიას რეალურ ოპონირებას გაუწევენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი