"დაგვატერორეს, იძალადეს და შემდეგ იქეიფეს... მუცლის ამოყორვაზე ​არიან გადაგებული" | ოპოზიცია ზუგდიდში "ოცნების" წევრების ქეიფზე

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ბიუჯეტის ძალადობრივი დამტკიცების შემდეგ "ქართული ოცნების" რეგიონული ლიდერების ქეიფს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამომრჩევლის ნება სრულიად უგულებელყოფილია.

მათი თქმით, ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განახლება არ იგეგმება. 

პარალელურად, 46-მილიონიანი ბიუჯეტიდან 24 მილიონი საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის გამოიყო, მაშინ როდესაც მხოლოდ ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა ხელფასებს 17 მილიონი მოხმარდება.

ოპოზიციის თქმით, სწორედ ა(ა)იპ-ები ძირითადად პარტაქტივითაა დაკომპლექტებული და ამ გზით მათი მართვისთვის ფინანსური გარანტიები შექმნეს, ხოლო ახალ მერს, მამუკა წოწერიას, ლეგიტიმაცია გაუმყარეს. 

"საკრებულოს სხდომა მოუწიათ გაძლიერებული კორდონით, გარეთ დაიჭირეს არჩეული საკრებულოს წევრი, ჩაიდინეს უბედურებები იმიტომ, რომ აი ასე, უკანონოდ და უსამართლოდ დაემტკიცებინათ ბიუჯეტი. 

გაეზარდათ საკუთარი თავებისთვის არაფრის კეთებაში ხელფასები 1 000 ლარით ზუგდიდელების ხარჯზე. და შემდეგ ამ ძალადობისა და გაზრდილი ხელფასების ფონზე, წავიდნენ და ისევ ბიუჯეტის ფულით გამართეს  ღრეობა, ეს არის ის, რაც რეალურად უჩვენებს მათ სახეს, რას წარმოადგენენ და რისთვის არიან ხელისუფლებაში მოსული", - ამბობს ენმ-ის წევრი ანი წითლიძე.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდია, "ოცნების" წარმომადგენლების ქმედებები ყველა კანონიერი ნორმის ანულირებისკენ არის მიმართული.

"დაგვატერორეს, გამოგვყარეს, ფიზიკურად იძალადეს და შემდეგ იქეიფეს, ვერიდები მსგავს შეფასებას, მაგრამ ეს არის უსინდისო, უნამუსო, ქვეყნის მოღალატე კოლაბორაციონისტთა ხროვა. მიმართული არიან იქითკენ, რომ ყველაფერი, რაც კონსტიტუციასთან და კანონთანაა დაკავშირებული ხაზი გადაუსვან, დაგვცინონ და მოსახლეობას უთხრან, რომ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარი მუცლის ამოყორვაზე გადაგებული ადამიანები არიან",- ამბობს მაია კალანდია. 

ცნობისთვის, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ შესაბამისი ლეგიტიმაცია ექნებათ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაკორექტირებას გეგმავენ. 

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი