
სატელეფონო საუბრები და ვიდეოზარები მსოფლიო ლიდერებთან - საქართველოს პრეზიდენტი "მთავარი არხის" კითხვას "ფეისბუქის" მეშვეობით პასუხობს.
კითხვაზე, რა რაოდენობის თანხა დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის, პრეზიდენტი წერს, რომ ეს თანხა 200 ლარსა და 98 თეთრს შეადგენს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით. 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობულურზე, საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა," - წერია სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადებაში.