
პარტია "დროას" ლიდერი კლინიკიდან გაწერეს. ელენე ხოშტარია ექიმებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა", - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, "დროას" ლიდერი პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა ელენე ხოშტარიამ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.