გახარია წასვლას არ აპირებს - პრემიერის გეგმები და ექსპერტების შეფასებები

გამოქვეყნდა:

"20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება", - ასე პასუხობს გიორგი გახარია მთავარ კითხვას - იქნება თუ არა პრემიერი "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის შემდეგ ისევ მთავრობის ხელმძღვანელი.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს კითხვა მას უკვე არაერთხელ დაუსვეს და უკვე იმუნიტეტი აქვს. გახარია არ ადასტურებს უთანხმოებას "ქართული ოცნების" შიგნით და საჯაროდ აცხადებს, რომ არჩევნების დასრულებამდე თანამდებობიდან წასვლა მის გეგმებში არ შედის.
 

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერაა ეს გავრცელებული. მე მინდა, მადლობა გითხრათ, რადგან იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქ, იმდენჯერ დამისვეს ეს კითხვა. პერსონალურად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, 20 ივნისი პარლამენტზე შტურმი იყო. თუმცა, ამბობს, რომ გავრილოვის პარლამენტში მისავლა, შეცდომა იყო.

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები, - ამბობს გახარია. 

ამ განცხადებების გარდა, პრემიერმა ტურიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველები დასასვენებლად ვერსად წავლენ.

ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა დღესვე ისაუბრა ქონებრივ დეკლარაციაზეც და აღნიშნა, რომ რაც თანამდებობაზეა, შემოსავლები შეუმცირდა. 

2015 წლის შემდეგ გავღარიბდი და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე ექსპერტები საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, პრემიერი თანამდებობას მალევე დაემშვიდობოს, რადგან ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილზეა დამოკიდებული.

არ მგონია, რომ გახარიამ იცოდეს, როდის მოუწევს მას წასვლა, იქიდან გამომდინარე, თავად ამბობს, შემოდგომაზე წიწილებს ითვლიანო, მაგრამ წიწილებს ივანიშვილი ითვლის, - აღნიშნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ გახარიას განცხადებების მიუხედავად, რომ არსად არ მიდის, რეალურად, მის პოლიტიკურ ბედს ივანიშვილი წყვეტს.

როცა ასეთი დარწმუნებულია და როცა ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს, სწორედ მაშინ შეიძლება ბატონმა უბრალოდ პოლიტიკურად მოისროლოს. იმიტომ, რომ ივანიშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია ამ საკითხებში. პრემიერი დღეს მოწონს, განწყობის მიხედვით, ხვალ შეიძლება ამოვარდეს მისი პოლიტიკური ესთეტიკის სფეროდან. ვფიქრობ, რომ გახარიათი წავა ივანიშვილი არჩევნებზე თუ მის გარეშე, ყველა შემთხვევაში, ესეთი გარდაუვალი საარჩევნო პოლიტიკური ჩიხია შემოდგომის მიწურულს, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი