დასავლელი პარტნიორების უმწვავესი გზავნილები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - ოპოზიცია ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მას პროდასავლური პოლიტიკის ჩამოშლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლური ინვესტიციების შემცირების საშიშროებაზეც საუბრობენ, რამაც ქვეყანაში შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგი დააყენოს.
„ჩვენ გვჭირდება დასავლური ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის გასავითარებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაზრდელად. ამერიკელი ანალიტიკოსები, ისევე, როგორც კონგრესის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლის ივანიშვილის პოლიტიკა და შესაბმისად, ივანიშვილი არის პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს საქართველოშ ნებისმიერი მოქალაქე არის ბევრად უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ, ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კეთილდღეობის გასამყარებლად ქვეყანაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსზე და ქვეყანაში დემოკრატიის შესუსტებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძეც. მისი თქმით, საკითხი არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აღელვებთ.
„ის, რასაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით აკეთებს, პროპორციულ არჩევნებზე დაპირების უკან წაღება, საზოგადოებაზე ძალადობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა პოლიციის და პროკურატურის მეშვეობით, ტროლების და ბოტების გამოყენება ანტიდასავლური ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი აღელვებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს,“- განაცხადა აბესაძემ.
ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების შემცირების საშიშროებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის თქმით, მსგავსი მწვავე კრიტიკა ამერიკელი პარტნიორებისგან არ ახსოვს.
„ასეთი წერილი, მე 30 წელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან უერთიერთობა მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა მაქვს და მე ასეთი რამ არ მინახავს, ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლების მიმართ დაწყებულმა სისხლის სამართლის წარმოებამ ხელი შეუშალა ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას ამ პორტის განვითარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში არ გვექნება დემოკრატია, თუ ამ ქვეყნის მიმართ ნდობა არ იქნება, მაშინ შესაბამისად, არ იქნება ინვესტიციები,“- განაცხადა „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა.
ამერიკელი პარტნიორების მწვავე კრიტიკას კატეგორიულად არ იღებს „ქართული ოცნება“. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თვლის, რომ ცალკეული კონგრესმენები საქართველოში არსებულ ობიექტურ მოცემულობას მოკლებულნი არიან.
„ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი, ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა გარკვეულად სხვა პოზიციებს, ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც აშშ ახორციელებს მხარდაჭერას, მათ კანონში ეს ვერ მოხვდებოდა, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
პირველი კრიტიკული წერილი ადამ კიზინგერმა და ჯო კონოლიმ დეკემბრის თვეში გამოაგზავნეს. საქართველოს ხელისუფლებას ისინი დემოკრატიული პროცესებისგან გადახვევას საყვედურობდნენ. მეორე გაცილებით უფრო მწვავე შინაარსის წერილი „ოცნების“ მთავრობამ უკვე მიმდინარე თვეში მიიღო დ მას ხელს ოთხი კონგრესმენი აწერს.