ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში კითხავენ. ის სასამართლოში მოყვება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, თუ რას მოჰყვა სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე.
ბოლო ორი დღეა, მოწმეთა ჩვენებებმა საქმე თავდაყირა დააყენა. გუშინ პროკურატურამ დააანონსა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას, რომელსაც 11 წელზე მეტი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა.
საპროცესო შეთანხმების შემდეგ პროკურორი ჟურნალისტების კითხვებზე, რომ სწორედ მოწმემ მოუყვათ საქმის ახალი ფიგურანტების შესახებ ინფორმაცია, ამბობს, რომ მსჯავრდებულებს ახალი ინფორმაცია არ მიუწვდიათ.
„გ.ბ.-მ რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სასამართლო პროცესზე, დაკითხვის დროს განმარტა და განაცხადა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა ბრალდებულ მ.კ.-ს მოქმედებები, დაინახა უშუალოდ მ.კ-ს მოქმედება გარდაცვლილ დავით სარალიძესთან მიმართებაში, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მ.კ-მ მიაყენა დარტყმა დავით სარალიძეს“ - განაცხადა პროკურორმა.
თუმცა, პროკურორმა კითხვაზე, როდის იტყუებოდა პროკურატურა, როდესაც საქმის საწყის ეტაპზე პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხდა, რომ მოწმეებს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ, თუ ახლა, როდესაც აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებმა მიხეილ კალანდიას ხელი დაადეს. პროკურორმა ჟურნალისტების პასუხად აღნიშნა, რომ ის არ იცნობს მისი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებას გ.ბ-სა და გ.ჯ-სთან დაკავშირებით.
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ჯანაშიასთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროკურატურამ ამის ნაცვლად უნდა გამოიძიოს გიორგი მენაბდის მიმართ არსებული გარემოებები, რადგან ის არ ასახელებს, თუ ვინ დაჭრა ის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კი მენაბდე დაჭრა დ.ღ-მ, რომელიც მსჯავრს სულ სხვა ბრალდების - ცრუ ჩვენების მიცემის გამო იხდის. ადვოკატი ამბობს, რომ მენაბდე სწორედ დაჭრის ეპიზოდზე უნდა დაიკითხოს.
„საპროცესო შეთანხმებით ამ საქმის დამთავრება არის გენერალურ პროკურატურაში ახალ გენერალურ პროკურორად მოვლენილი ადამიანის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომლის გატარებასაც ხელისუფლება აპირებს. მე მათ ვპირდები, რომ ნაცვლად იმისა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დაიწყონ ლაპარაკი, ვურჩევ დაიწყონ დაუყოვნებლივ ეფექტური გამოძიება გიორგი მენაბდის სისხლის სამართლის საქმეზე, მისი დაჭრის გამო, გაარკვიონ თუ ვინ დაჭრა, რატომ დაჭრა პარალელურად მიიღებენ პასუხს. ეს ჭრილობა მისთვის მიყენებული არის 51-ე სკოლელის მიერ, რომელსაც ძალიან აინტერესებდა სარალიძის მდგომარეობა და ის დაეხმარა სარალიძეს თავის ქმედებით“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.
რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის და ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.