თბილისის მერის საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - სამოქალაქო აქტივისტები გუშინ, ვარკეთილში მომხდარი ხელჩართული ჩხუბის გამო, კახა კალაძეს უჩივიან და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.
ოპოზიციაში კალაძის გუშინდელ ქმედებას ხულიგნურს უწოდებენ და ამბობენ, რომ დედაქალაქის მერი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე ძალადობს.
ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც გუშინ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, ამბობს, რომ კახა კალაძის გარდა, მერიის სხვა თანამშრომლებიც ძალადობდნენ. ჩხარტიშვილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ორშაბათს გეგმავს.
თბილისის ისტორიაში გვყავს ყველაზე სამარცხვინო მერი, ოროსანი მერი, წვრილმანი ხულიგანი მერი, თავის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად. თავს დაგვესხა მერიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა ადგილობრივ მოსახლეობაზე...თვითონ კახი კალაძე გახდა მოძალადე, - ამბობს ჩხარტიშვილი.
ქუჩური მენტალობა აქვს დედაქალაქის მერს...თურმე თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი დაუსვამს შეკითხვას, მუშტიკრივზე უნდა გადავიდეს მერი და ჩაიდინოს სიხლის სამართლის დანაშუალი...ჩვენ გვინახვს ესეთი რამე მისი დავალებით, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
დედაქალაქის მერი უპრეცედენტო სკანდალში გუშინ გაეხვა. ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერის გახსნის დროს კალაძესთან ანას ბაღის დამცველები მივიდნენ და მისგან უკანონო მშენებლობაზე განმარტებები მოითხოვეს. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტებს მერის დაცვა დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ნერვებმა უკვე კალაძესაც უმტყუნა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, კალაძემ მას მაისური შემოახია.