
რბილად რომ ვთქვათ, უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის "ევროპული სტანდარტი" - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "ლელო - საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს.
სალომე სამადაშვილმა დეტალურად აღწერა მმართველ გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები და თქვა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ევროპისგან ისე შორს, როგორც "ქართული ოცნების" პირობებში.
"ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში და საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა ეს არის ევროპული საქციელი, ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება ევროპისთვის, არის ევროპული საქციელი. ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ კარდაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმის, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუციის, სახალხო დამცველის სახით, რეალურად არის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი, როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს, ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის ტრიალისთვის სატელევიზიო სივრცეში უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი, ალბათ იმისაც გჯერათ, რომ თქვენი, პოლიტიკური პროკურატურა როდესაც ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის, ესეც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების, ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, იმისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა რომ შედის მსოფლიოში 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე ქვემოთ რომ ვართ დაბალ ათეულში, ალბათ ესეც ევროპული სტანდარტია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ რბილად რომ ვთქვათ, რა არის ევროპული სტანდარტი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.