დროა, ხელისუფლებამ მიიღოს კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობოებს - ინჯია

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებს ესხმის თავს და მთავრობას მოუწოდებს, მათ "ჩარჩოში ჩასასმელად" შესაბამისი კანონი მიიღოს.

ამ თემაზე ინჯიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და იმ წერილს გამოეხმაურა, რომლითაც მოქალაქეებმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართეს.

"ერთ საინტერესო საკითხზე მინდა ხელისუფლებამ და მთავრობამ ყურადღება მიაქციოს, ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა", - თქვა ინჯიამ.

წერილის ხელმომწერები ბაიდენს სთხოვენ არაძალადობრივი ბრძოლის მხარდაჭერას საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი