
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ძველი მოწვევის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე ისაუბრეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართულ ოცნებას" უთხრეს, რომ ეს ფაქტი კონსტიტუციის დარღვევა და ადგილობრივი თვითმმართველობების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციაა.
"ამ დამტკიცებას შეიძლება მხოლოდ უწოდო სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს რაც მოხდა. იმიტომ, რომ ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და ახალი აირჩია სწორედ იმის გამო, რომ არ მოსწონდა წინა შემადგენლობა.როგორ უნდა იმუშაოს მერმა, იმ საკრებულოსთან, როდესაც თავს მოახვიეს ის ბიუჯეტი, რომლისთვისაც შესაძლოა, ამ საკრებულოს მხარი არ დაეჭირა. ასეთი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირების გაზრდისკენ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი კი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის დამტკიცება იყო აბსოლუტურად კანონიერი.
"აბსოლუტურად ეს იყო კანონიერი, კანონის მოთხოვნებს შეესაბამებოდა ამ ბიუჯეტების დამტკიცება ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ამან არ დაუტოვა შანსი დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ გადაეტანათ ის დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ხშირად ვხედავთ პარლამენტში, გადაეტანათ საკრებულოებში, გადაეტანათ თვითმმართველობებში და გადაეტანათ საზოგადოების ყველა დონეზე", - ამბობს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს სხვადსხვა ქალაქში ვადაგასულ საკრებულოებს მთავარი ფინანსური ბიუჯეტი ძალისმიერი ხერხებით დაამტკიცებინა.