"რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმე, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია დაიკითხა. მედიასთან კომენტარში მან განმარტა, რატომ მიმართა საგამოძიებო უწყებას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით:
"ერთი განცხადებაა ჩემი წარდგენილი, დაახლოებით ერთი კვირის თავზე როცა მივედი "რუსთავი 2"-ში, როგორც გენერალური დირექტორი, მოხდა გარკვეულად ზოგადად ინფორმაციის მოძიება. პირველი რაც ვნახეთ იყო 2015 წლის იმ პერიოდიდან, რაც ჩვენ დავა დავიწყეთ, შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება, ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა და გადასახადების გადაუხდელობა ბიუჯეტში, ეს იყო ზოგადად ის საფუძველი, ვინაიდან ჩემზე არ მოხდა დოკუმენტაციის გადმობარება, არ მოხდა ინფორმაციის გადმოცემა, გამორიცხულიყო ჩემი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში, როგორც ახალი ხელმძღვანელის კომპანიის, ამისათვის მე მივმართე შესაბამისად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკევული ნიშნები, მივმართე პროკურატურას დაეწყოთ გამოძიება", - თქვა პაატა სალიამ.
პროკურორის თქმით, დაცვის მხარე მზად არ აღმოჩნდა პაატა სალიასთვის კითხვები მათაც დაესვათ და გადადება მოითხოვეს. მისივე თქმით, მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.