
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია გამოიკითხა. ის ბრალდების მხარის ბოლო მოწმეა, რადგან პროკურორებმა თქვეს, რომ სხვა მოწმეების გამოკითხვას აღარ აპირებენ.
შესაბამისად, მომდევნო პროცესზე, მას შემდეგ რაც პაატა სალიას ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები გამოკითხავენ, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პროკურატურა საქმის დასრულებას ძალიან ჩქარობს, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მათ წინასწარ იციან, რა განაჩენი დადგება.
"ჩანს, რომ უკვე დაჩქარებაა. 2-წლიან ვადაში უნდა ჩავეტიოო მოსამართლე ამბობს, მაგრამ მას შევახსენებ, რომ 2-წლიანი ვადა არის დაცვის ინტერესებში მყოფი, ბრალდებულის ინტერესებში არსებული შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების მიზნით. ჩვენ არსად გვეჩქარება, მით უმეტეს, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში დიდი შუალედი იყო, ასე რომ არავითარი დაჩქარების მოტივაცია რეალურად არ არსებობს.
რაც შეეხება კიდევ ერთ უცნაურობას პროკურატურის მხრიდან, მათ ყველა მოწმე, ვინც დარჩა, მოხსნეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს ეჩქარება აქ, ეს არის პროკურატურა. ასევე უარი თქვა ბრალდებულების დაკითხვაზე, ჩვენც არ დაგვიკითხავს. კანონით შესაძლებელია, მაგრამ მე არ გამიგია მსგავსი რამ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარ ბრალდებებში მთავარი მოწმეები, მაგალითად, ბატონი კოხოძე, რომელიც ჯიპის ეპიზოდთან უნდა დაიკითხოს, ისიც კი მოხსნა. არ ვიცი, რას აპირებს პროკურატურა. ან გარანტირებულად იცის განაჩენი რა იქნება, ან გაგიჟდა. იმედი მაქვს, ამ გაგიჟდასთვისაც სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავენ", - თქვა ნიკა გვარამიამ.
მანვე აღნიშნა, რომ პაატა სალიას დღეს გამოკითხვისას არაფერი დაუდასტურებია და მისი პასუხები მომდევნო კვირაში უფრო საინტერესო იქნება, როდესაც კითხვებს დაცვის მხარე დასვამს.
"პაატა სალიას არც არაფერი დაუდასტურებია და არც არაფერი უარყვია. საოცარი კითხვები დაუსვეს, სრული სისულელე. საინტერესო პაატა სალიას დაკითხვა იქნება ჩვენს მიერ, პირადად ჩემს მიერ და ეს მოხდება შემდეგ ოთხშაბათს", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ამავე თემაზე:
პაატა სალია განმარტავს, რატომ მიმართა პროკურატურას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ