კახა კალაძე ჟურნალისტებთან დღეს მაისურებით შეიარაღებული გამოჩნდა. ვარკეთილის ინციდენტის მონაწილე აქტივისტის გარდა, დედაქალაქის მერმა მაისური "მთავარი არხისთვისაც" დაამზადებინა, თუმცა მან არც ეს დაპირება შეასრულა და მაისური "მთავარს" აღარ აჩუქა.
რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ კახა კვეკვესკირმა გუშინ მაისური თავად შემოიხია. მისივე თქმით, მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და გუშინ სამოქალაქო აქტივისტები პროვოკაციას ცდილობდნენ.
"მთავარი არხის" კითხვაზე შესაძლოა თუ არა გუშინდელი დაპირისპირება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, დედაქალაქის მერი ჩვეული ცინიზმით პასუხობს.
კაი ახლა...მაგაზე ბევრი პასუხი გაგეცით...დაისვენეთ, ცივი წყალი დალიეთ, - ამბობს კალაძე.
მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ნუგზარ ჭონქაძეს, იგივე "სულიკო კედელაშვილს" კი გუშინდელ დაპირისპირებაზე საუბარი აღარ სურს და "მთავარი არხის" კითხვებს გაურბის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი მორიგ სკანდალში გუშინ, ვარკეთილში სკვერის გახსნისას გაეხვა - კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ინციდენტის ამსახველი კადრები "მთავარმა არხმა" გადაიღო. მომხდარის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ინციდენტში მონაწილე აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და პროვოკაციას გეგმავდნენ.