
"მზად ვართ გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინასა და საქართველოს მიმართ" - ამის შესახებ Nato-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, Nato-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტური ალიანსის ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან, რომლებმაც Nato-ს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეიტანეს და ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფიან. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ:
"ჩვენი მხარდაჭერა სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება და ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ", - თქვა მან.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
"ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების წინსვლის მნიშვნელობა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოებისა და თადაცვის სექტორების ტრანსფორმაციის გაგრძელების მნიშვნელობა. ეს რეფორმები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ორივე ქვეყანა, უკრაინა და საქართველო უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.