
მედიკოსები უკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევის სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. ის ხელოვნურ კომაშია და მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეს ახლა მკურნალობისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტი ეწურება, რის გამოც ოჯახი შველას ითხოვს. მკურნალობის დაფინანსებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ და უწყებას შესაბამის დოკუმენტებს, უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან.
"ექიმებმა და კლინიკამ უკვე გაამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩვენ ოჯახთან ერთად უნდა მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს მისი დაფინანსება ვინაიდან ეს ლიმიტი შესაძლოა უკვე მაქსიმუმ 1 კვირაში ამოიწუროს. დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ დაფინანსება მოიძებნება განადი ბესტაევისთვის", - თქვა დავით ქაცარავამ.
მისივე თქმით, თანხების მოძიება სურთ შემდეგი ეტაპისთვისაც, რათა გენადი ბესტაევმა რეაბილიტაცია საზღვარგარეთ გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ის "შეიწყალა".