საარჩევნო გარიგება - გახარიამ კანონიერ ქურდს საქართველოს მოქალაქეობა აჩუქა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კანონიერ ქურდს საქართველოს მოქალაქეობა აჩუქა. რუსეთში მცხოვრები კანონიერი ქურდი ირაკლი ჯაბუა იგივე იკა რასტოვსკია კრიმინალური ქრონიკის გმირი არაერთხელ გამხდარა.  

კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქის პასპორტი რუსეთში გაუგზავნეს. პასპორტი 2019 წლის ხუთ სექტემბერს არის გაცემული. გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ ზუსტად იცის, რომ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ იკა რასტოვსკიამ შეკრიბა ზუგდიდელი კრიმინალები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

დავალებებს რუსეთში მცხოვრები კანონიერი ქურდი სამეგრელოს კრიმინალურ სამყაროს ტელეფონით აძლევდა. „მთავარმა არხმა“ შეძლო ამ სქემაში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანის ჩაწერა, რომელიც ყვება, რა ფორმით იყო ჩართული იკა რასტოვსკი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონიერ ქურდს დაპირება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუსრულა. ის უკვე საქართველოს მოქალაქეა და პასპორტში რეგისტრაციის ადგილიც მითითებული აქვს - ზუგდიდი დემნა შენგელაიას ქუჩა. მითითებულ მისამართზე კანონიერი ქურდის ნათესავი ცხოვრობს, რომელმაც თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ირაკლი ჯაბუა საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა. თუმცა მას ჯერ საქართველოს მოქალაქეობა მიღებული არ ჰქონდა.

საქართველოს მოქალაქეობის მსურველი საკმაოდ მკაცრ პროცედურას გადის. საბუთები იუსტიციის სამინისტროში ივსება, ადამიანის წარსული პირველად სწორედ წულუკიანის უწყებაში მოწმდება. შემდეგ საქმეში კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ერთვება. როგორც წესი, მოქალაქეობის მსურველთა 90 პროცენტს საქართველო უარს ეუბნება.

იუსტიციის სამინისტრო უარყოფს, რომ ირაკლი ჯაბუას მოქალაქეობა მიანიჭეს, თუმცა, ის საქართველოს ამომრჩეველთა სიაშიც იძებნება.

„მთავარის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინსიტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც უშუალოდ ალაგებდა წინასაარჩევნოდ ურთიერთობას კრიმინალურ ავტორიტეტებთან, საქართველოს მოქალაქეობა კიდევ არაერთ კანონიერ ქურდს მიანიჭა.

იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტების როლი საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში განსაკუთრებულად დიდი იყო, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, რომლებიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ. მათი ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ე.წ. ქუჩის ან უბნის მაყურებელი ან კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირების სიმრავლე შეინიშნებოდა.

ე.წ. ძველი ბიჭებისთვის მიცემული დანაპირების ასრულება „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა კრიმინალების მიერ ნაჩუქარი გამარჯვების შემდეგ დაიწყეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი