
როგორ შოულობენ მილიონებს "ქართულ ოცნებასთან"დაახლოებული ბიზნესმენები. პანდემიის დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ცხრა ფავორიტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, დღეს, "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა გაასაჯაროვა.
ანა დოლიძე ამბობს, რომ რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულების საფუძველზე, თანხა კომპანიების ანგარიშზე, პირდაპირი შესყიდვის წესით ჩაირიცხა და ის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას უნდა მოხმარებოდა.
"ქართულმა ოცნებამ" ეს პროგრამა შექმნა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის. იმუშავა პრინციპმა - ორი ჯიბე. ერთი ჯიბიდან ვიხდი და მეორე ჯიბეში ვიდებ. რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა რომლებსაც აქვთ კარგი ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან", აქვთ გაკეთებული შემოწირულობები "ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში, ტენდერის გარეშე მიიღეს სახელმწიფო სუბსიდიები, ანუ ხალხის გადასახადებით გადახდილი ფული, - ამბობს დოლიძე.
კომპანიებიდან ერთ-ერთი "კარფურია", ორი კომპანიის მესაკუთრე კი "ქართული ოცნების" შემომწირველი აღმოჩნდა.