„საქმე გვაქვს ველურებთან, ასეთი შთაბეჭდილებაა“ - ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე გზავნილები საქართველოს მთავრობას - ოპოზიცია ოფიციალური თბილისის რეაქციას აკრიტიკებს.

პარტნიორების მწვავე კრიტიკას „მთავართან“ ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ის ამბობს, რომ საქართველოს ისტორიას ასეთი მწვავე შეფასება არ ახსოვს და თუ ქართულ საზოგადოებას ამაზე ადეკვატური რეაგირება არ ექნება, ქვეყანა დაკარგავს იმ მონაპოვარს, რომლისთვისაც ბოლო 30 წელია, იბრძვის.

„ასეთი მძაფრი გზავნილები არ მახსოვს... აუცილებელია კონსოლიდირება, აქტიური მუშაობა და გადარჩენა საქართველოს პროდასავლური დემოკრატიული არჩევანის. ჩვენ არ ვეწამეთ და არ გავიარეთ ეს 30 წელი ასეთი რთული, რომ უცებ ყველაფერზე უარი ვთქვათ და ჩავბარდეთ უკან რუსულ ორბიტას“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მთავრობას დაანონსებული რეფორმების ჩაგდება შეახსენეს.

„საქმე გვაქვს ველურებთან, ასეთი შთაბეჭდილებაა... ასეთი სამარცხვინო, ასეთი ოროსანი, ჩარჩენილი, ჩამორჩენილი ლიდერი, თან არაფორმალური, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს არ ჰყოლიათ“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს არ არის ცალკეული წერილი, არამედ ეს აჩვენებს იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას, რაც დასავლეთშია ჩამოყალიბებული „ოცნების“ მიმართ.

„რაც შეეხება წერილის შინაარსს, რთულია ალბათ წარმოიდგინო იმაზე უფრო შორს წასული კრიტიკული მესიჯები, ვიდრე როდესაც შენი მოკავშირეები გწერენ იმას, რომ ქვეყანაში შენი პოლიტიკით აძლიერებ ვლადიმერ პუტინის ხელს და ეხმარები ოკუპანტს“ - განაცხადა ბაქრაძემ.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მკაცრი წერილების შემდეგ აშშ-მ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კონგრესის საერთო დოკუმენტი იქნება. მათივე თქმით, ევროპარლამენტი მიიღებს რეგულაციას, სადაც მწვავე განცხადებები წერილობით იქნება ასახული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი