"კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?" - სამოქალაქო აქტივისტების პასუხი თბილისის მერს

გამოქვეყნდა:

"კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?" - სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერს მიმართავენ.

ვარკეთილში, სკვერის გახსნის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეები კახა კალაძეს სპეციალურად მისთვის დამზადებულ მაისურს ჩუქნიან, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.

სამოქალაქო აქტივისტებმა საპასუხო საჩუქრის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კახა კალაძემ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეს, რომელსაც მაისური შემოახია, ახალი აჩუქა, რომელზეც კახა კვეკვესკირი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის აღბეჭდილი.

კახა კალაძე ჟურნალისტებთან დღეს მაისურებით შეიარაღებული გამოჩნდა. ვარკეთილის ინციდენტის მონაწილე აქტივისტის გარდა, დედაქალაქის მერმა მაისური "მთავარი არხისთვისაც" დაამზადებინა, თუმცა მან არც ეს დაპირება შეასრულა და მაისური "მთავარს" აღარ აჩუქა.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ კახა კვეკვესკირმა გუშინ მაისური თავად შემოიხია. მისივე თქმით, მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და გუშინ სამოქალაქო აქტივისტები პროვოკაციას ცდილობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი მორიგ სკანდალში გუშინ, ვარკეთილში სკვერის გახსნისას გაეხვა - კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ინციდენტის ამსახველი კადრები "მთავარმა არხმა" გადაიღო. მომხდარის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ინციდენტში მონაწილე აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და პროვოკაციას გეგმავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი