გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მივიდა. მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს.
"ვაპირებ განვიხილოთ სხვადასხვა დეტალები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპარლამენტარებთან, ამიტომ მთელ ამ საკითხებზე, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, იმას, რომ "ოცნება" მორიგ ჯერზე ფიქრობს, პარტნიორებს და საზოგადოებას უღალატოს საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღებით", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყოს და ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.
"უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესია პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვანაირად დემოკრატია ამ ქვეყანაში ვერ აიგება, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს გათავისუფლებული", - თქვა მან.
დღის მეორე ნახევარში მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველებიც შეხვდებიან.