„დიახ, 2015 წლის შემდეგ გავღარიბდი“, - გაპრემიერებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გიორგი გახარია ყველაზე ღარიბი მაღალი რანგის ჩინოვნიკია. 2020 წლის 30 მაისს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში მას სახელფასო ანგარიშზე მხოლოდ 99 ლარი და 41 თეთრი ჰქონდა. სხვა ანგარიში პრემიერს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
დოკუმენტაციის მიხედვით, მთავრობის მეთაური არანაირ საკუთრებას არ ფლობს, არ აქვს საცხოვრებელი ბინა და მანქანა. გახარიას მიერ 2020 წელს შევსებული დეკლარაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქვეყნის პრემიერი ექიმ-ბაქტერიოლოგი მეუღლის ხარჯზე ცხოვრობს.
მარიკა ფანცულაიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 1167 ლარი და 67 თეთრი აქვს, მიმდინარე ანგარიშზე ერიცხება 15 657 ამერიკული დოლარი, 393 ევრო და თითქმის 2 გირვანქა სტერლინგი. დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაიას „საქართველოს ბანკში“ აქვს დეპოზიტიც, სადაც 537 739 დოლარი და 84 ცენტი უდევს, რასაც ყოველწლიურად რამდენიმე ათასი საპროცენტო სარგებელი ემატება.
ოჯახის ფინანსურ შემოსავლებს უკან დაბრუნებული თანხა დაემატა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მარიკა ფანცულაიას ჰქონდა გადახდილი სამოგზაურო ტურის ღირებულება 9900 ლარი, რომელიც, სავარაუდოდ, კოვიდ პანდემიის გამო გაუქმდა და თანხის ნაწილი დაუბრუნდა. ერთადერთი გასავალი, რომელიც გაღარიბებულ პრემიერს დეკლარაციაში უფიქსირდება შვილის სწავლის საფასურია - 1540 ევრო.
ქონებრივი დეკლარაციით პრემიერი ისეთი გაღარიბებულია, რომ საკუთარი საცხოვრებელი ფართი არც მას და არც მის მეუღლეს აქვს. წინა წლების დოკუმენტებში კი გიორგი გახარიას მასზე რეგისტრირებული საკუთრებაც ერიცხებოდა და სხვადასხვა ბანკში რამდენიმე ათასდოლარიანი დეპოზიტებიც. 2015 წლამდე მის დეკლარაციაში იყვნენ მისი მშობლებიც, დოკუმენტების მიხედვით კი, ის ოჯახთან ერთად მამის, ზაურ გახარიას სახლში ცხოვრობდა, ამაღლების 12 ნომერში, რომლის რემონტშიც 2013 წელს 110 ათასი დოლარი დახარჯა.
სად ცხოვრობს ახლა პრემიერი გახარია, უცნობია. წლევანდელი დეკლარაციით მხოლოდ იმის დადგენაა შესაძლებელი, რომ საცხოვრებელს, სავარაუდოდ, მისი მეუღლე ქირაობს. დოკუმენტის მიხედვით, მარიკა ფანცულაიას 39 ათასლარიანი ქირავნობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
ოფიციალურად, ბოლო წლებში გიორგი გახარიამ მასზე რეგისტრირებული ყველა ქონება და წილი გაყიდა. 2017 წლიდან მას აღარ აქვს ბინა მოსკოვში. უძრავი ქონება, სავარაუდოდ, დეკლარაციის შევსებამდე 350 ათას დოლარად გაასხვისა. 2016 წელს გახარიას დეკლარაციიდან გაქრნენ მისი მშობლები და ოჯახის ქონების ნაწილი. 2018 წლის დეკლარაციაში კი გახარიას ოჯახს აღარ უფიქსირდება ის ერთადერთი უძრავი ქონება, რომელსაც წლების განმავლობაში მისი მეუღლე ფლობდა - 395 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მაზნიაშვილის ქუჩაზე მარიკა ფანცულაიამ 720 ათას ლარად გაყიდა.
გახარიების ოჯახში, როგორც ჩანს, მხოლოდ პრემიერი ღარიბდება. გიორგი გახარიას მამა 2014 წლიდან სიღნაღის რაიონში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყიდულობს. ამ დროისთვის, ის სოფელ ხორნაბუჯში უკვე 280 ათასი კვადრატული მეტრის მიწის მფლობელია, რომლის ნაწილზეც ნუშის ბაღები აქვს გაშენებული.
რამდენად სარწმუნოა პრემიერის გაღარიბება და ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემები ინდივიდუალური შეფასების საგანია. დეკლარაცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს იმ ადამიანებსაც უჩენს, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მაღალ პოზიციებს იკავებდნენ.