როდესაც ქუჩაში ვიდექი და ვყვიროდი, ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, ენმ-სთან თანამშრომლობდნენ და ბატიბუტს ჭამდნენ - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე ისაუბრა. 

მუზეუმის თანამშრომლების პროტესტს მინისტრმა ასე უპასუხა:

"რაც შეეხება შალვა ამირანაშვილს ხელოვნების მუზეუმს, ამაზე მე არ დავკონკრეტდები დიდხანს, იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ჭამდნენ ბატიბუტს, ან არ ვიცი რას.

მათთან პოლემიკაში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი, დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო [ენმ] და მათთან აფილირებულებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რომ დავინახოთ, რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენას შესაძლებელი. ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 ივლისს, კულტურის მინისტრმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა და დაგეგმილი იყო მისი დაცლა.

იქიდან გამომდინარე, რომ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და თავად შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სამინისტროს გადაწყვეტილებას თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. 

რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ შენობის რესტავრაციას გეგმავს და ირწმუნებოდა, რომ მიზანი თავიდანვე სწორედ ეს იყო.

17 ნოემბერს, პროტესტის ნიშნად ხელოვნების მუზეუმი პროტესტის სამმა თანამშრომელმა დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი