
მზად ვარ, ლევან ხაბეიშვილს მხარი ორი ხელით დავუჭირო, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, გადაცემაში "დღის სტუმარი", 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარებზე საუბრისას განაცხადა.
მისი აზრით, საერთო კანდიდატების შერჩევისას ოპოზიციამ ყურადღება ამ ადამიანების სუფთა წარსულსაც უნდა მიაქციოს.
ლევან ხაბეიშვილს, როგორც პიროვნებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად პარტიაზე ჩემი წარმოდგენებისა. მზად ვარ, მას ორი ხელით დავუჭირო მხარი.. ლევანის მსგავსი, საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება, რაც მეტი იქნება სხვადასხვა პარტიებიდან, "ლელო" იქნება ეს, "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ევროპული საქართველო", უკეთესია. სასურველია, მაქსიმალურად სუფთა წარსულისა და აქტიური, დამსახურებული ადამიანები წარვადგინოთ ჩვენც და სხვა პარტიებმაც, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთებაც და პარტიების მხრიდან ერთმანეთის მხარდაჭერაც უფრო მარტივი იყოს, - ამბობს ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატები თბილისში აუცილებლად უნდა წარადგინოს. რეგიონებში კი, მისი აზრით, სასურველია, შეთანხმება მოხერხდეს და ხელისუფლების ოპონენტების საერთო კანდიდატი ოლქების ნაწილში მაინც იყოს წარმოდგენილი.