„თრანსფარენს ინთერნეიშენალის“ მწვავე ანგარიში - ბიზნესმენები ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ფადი ასლი „მთავართან“ ინტერვიუში კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებულ ანგარიშზე საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია.
ასლი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება და ერთადერთი გამოსავალი ოლიგარქის ქვეყნიდან წასვლაა.
„რეალური პრობლემა საქართველოსთვის არის ბიძინა ივანიშვილი. ის არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ის არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე... არაფერი არ მუშაობს იმის გამო, რომ ის წყვეტს ყველაფერს... ივანიშვილმა მოახერხა სახელმწიფოს მიტაცება... გამოსავალია ივანიშვილის წასვლაში“ - აცხადებს ფადი ასლი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათთვის „თრანსფარენს ინთერნეიშენალის“ შეფასებები მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობა კი თავს იმართლებს და აცხადებენ, რომ „თრანსფარენს ინთერნეიშენალი“ შეცდომაშია შეყვანილი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ანგარიშში ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“ ეკა გიგაურის გავლენით მოხვდა.
„მონაცემები არის წინააღმდეგობრივი, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, საქართველო არის გამოკვეთილი, როგორც აშკარა ლიდერი ანტიკორუფციული თვალსაზრისით, გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში და ამასთან ერთად არის გამოყენებული ის ტერმინი, რომელიც მიაწოდა ეკა გიგაურმა ბერლინის ოფისს, ღიმილისმომგვრელი ტერმინები არის გამოყენებული... სახელწიფოს მიტაცება - ჩაწერეს ის ტერმინი, რომელიც ძალიან მოწონს ეკა გიგაურს“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.