ხელვაჩაურის სოფლებში ადგილობრივმა მერიამ 15 მილიონამდე ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად დახარჯა. სოლიდური თანხის გახარჯვის მიუხედავად, მოსახლეობა უწყლობას უჩივის.
ხელვაჩაურის პირველი სოფელი, სადაც უწყლობას ებრძვიან, ახალშენია. მუნიციპალიტეტის მერმა ბიუჯეტიდან წყლის სისტემის ასაშენებლად მილიონ 400 ათას ლარზე მეტი გამოყო, თუმცა სოფელში უწყლოდაა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან გააფორმა, თუმცა სამუშაოები ისე დასრულდა, რომ სოფელში წყალი მხოლოდ წვიმის დროს არის, ისიც ტალახიანი, გაუფილტრავი და სასმელად უვარგისი.
ბიუჯეტის თანხით 100 ტონაზე მეტი ტევადობის რეზერვუარი სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზე აშენდა იმ იმედით, რომ დაგროვებული წყალი მარტივად გადანაწილდებოდა უბნებზე, თუმცა სათავე ნაგებობები დღემდე ცარიელია. ხელვაჩაურის მერმა პროექტი ისე ჩაიბარა, რომ მისი შემოწმება არც უფიქრია. დახარჯული მილიონები პრობლემა მაშინ გახდა, როცა უწყლობით შეწუხებულმა მოსახლეობამ ვარდმანიძეს მიმართა.
მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მშენებლობისთვის სამუშაოები კი წელიწადი გრძელდებოდა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარით სამი რეზერვუარი ააშენეს, წყალი კი ამ რეზერვუარებში დღემდე არ ჩასულა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში წყალი 1200 მეტრის სიმაღლეზე უნდა ასულიყო, მილები სათავე ნაგებობიდან აიყვანეს და 100 ოჯახი წყალს ღიად დატოვებული ონკანებიდან ელოდებოდა. წყლის სისტემაში დახარჯული ერთი მილიონი ლარით დადგმული ნაგებობა კი ახლა უპატრონოდ ნადგურდება, წყალსაქაჩს ძრავი არ დაუყენეს.
უწყლობით შეწუხებულ ადგილობრივებს რომ პროტესტი არ გამოეთქვათ, ჯუმბერ ვარდმანიძემ მათი გართობა გადაწყვიტა. სოფელ ახალშენში ისტორიული კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის სამეტაპიანი პროექტი მოამზადა, პირველ-მეორე ნაწილში მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა, აღმოჩნდა, რომ თანხა საკმარისი არ არის და ისედაც გაჭირვებულმა მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან 18 ათას ლარზე მეტი შეაგროვა. უკვე ორი წელია, ახალშენის კულტურის სახლი მაინც დაკეტილია, განახლებულ დარბაზებში ისევ წყალი ჩადის.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელვაჩაურის მთავრობა კორუფციის ჭაობში ყოველდღიურად ეფლობა. 13 მილიონ 100 ათასი ლარი მხოლოდ ხელვაჩაურის მერიამ მხოლოდ სასმელი წყლის პროექტში დახარჯა, ყველაფერი კი ახლა ისევ თავიდან გასაკეთებელია.
ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძის მთავრობა კორუფციული სქემით მუშაობს. ივანიშვილი-რიჟვაძის კლანი ბათუმის საზღვრებს სცდება და ხელვაჩაურის სოფლებშიც აღწევს.