საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. ის გუშინ საღამოს პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და ალტერნატიული კომისიის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულეს.
როგორც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნეს, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.
"გადაღლილია. ტესტების რეზულტატები ვნახე, ზოგი კარგია, ზოგი არც ისე კარგი. საგანგაშო არაფერია, მაგრამ საყურადღებო ნამდვილად არის პრეზიდენტი იმიტომ, რომ კიდევ ავადმყოფობს. ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ექიმი ოთარ თოიძემ ამბობს რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს სრულად გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება.
"მისი ნევროლოგიური სტატუსი არ უმჯობესდება, რჩება ისევ საყურადღებოდ. ალბათ, დიდი დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მთლიანად გამოჯანმრთელდეს. იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ვნახოთ, რას მოგვცემს შემდგომი დღეები, მკურნალობას აგრძელებს. პოსტ სტრესული სიმპტომი სახეზეა, მას სჭირდება როგორც მედიკამენტური ასევე რეაბილიტაციური თერაპია, ხანგრძლივი. ალბათ 2 თვიდან იქნება პირველი მწვავე სიმტპომების ალაგება და შემდგომ რეაბილიტაციის კურსი ვერ გეტყვით რამდენი იქნება, თვეებზეა საუბარი", - თქვა ოთარ თოიძემ.