სოფელ ზეღდულეთში, სადაც მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.
ადგილობრივები სოფლიდან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალისკენ მიდიოდნენ, თუმცა გზად მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ავტობანთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ადგილზე იმყოფება შსს-ს შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი ილია კვაღინიძე. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ პროტესტი შეწყვიტონ და გზა არ გადაკეტონ.
ადგილობრივები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ და იძულებული არიან, საქონელი გაასხვისონ, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
"სანამ პასუხს არ გაგვცემენ, ვივლით ასე. უნდა გადავკეტოთ გზა, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი საძოვრები", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან გორის ახლადარჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მივიდა. მან თქვა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
"ჩვენ შევთანხმდით და მიდის სამუშაო პროცესები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. რომ ვთქვით, ჩვენ დაპირებას ვასრულებთ", - მიმართა ხინჩეგაშვილმა ადგილობრივებს.
საპასუხოდ, მას მოსახლეობამ კონკრეტული ვადის დასახელება მოსთხოვა, თუმცა მერმა ვერ შეძლო დაკონკრეტება, როდის შეძლებს პრობლემის მოგვარებას.