ექიმის ინფორმაციით, სანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ტურძელაძის თქმით, არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს.
"სახლში ვიყავი, თუმცა, საქმის კურსში ვარ, უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექიმები-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს",- განაცხადა ტურძელაძემ.
მოკლული მოზარდის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: