ბათუმის ტრაგედია - მოსახლეობამ 50 დღით ადრე მერიას წერილი გაუგზავნა და დახმარება ითხოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიამდე 50 დღით ადრე, 26 მაისის ქუჩის მცხოვრებლები, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს წერდნენ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მდგომარეობის შესწავლას მოითხოვდნენ.

წერილი, რომელსაც "ბათუმელები" ასაჯაროებს, 17 აგვისტოთია დათარიღებული და წერია, რომ კორპუსი ავარიულია და შემჩნევა ბათქაშის ცვენა.

 „მოგახსენებთ, რომ მესამე სადარბაზოს აივნები, განსაკუთრებით 26 მაისისა და კლდიაშვილის ქუჩების კუთხე, იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. შესამჩნევად დაწეულია აივნების კუთხე, თავისით ვარდება ბათქაში, რომლითაც დაფარულია არმატურა და არმატურის ჟანგიანი ფენა ინტენსიურად.გთხოვთ უმოკლეს ვადაში შეგვიფასოთ შექმნილი მდგომარეობა და დაგვეხმაროთ პრობლემის აღმოფხვრაში“ - წერია ჩიქოვანისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

საპასუხო წერილში კი მოსახლეობას მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ აცნობა, რომ მერიას შესაბამისი პროგრამა არ ჰქონდათ:

 „თქვენს განცხადებაზე [# 19/1421229171-14] გაცნობებთ, რომ  ა(ა)იპ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პროგრამით არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელ სახლებზე აივნების ან აივნების მოაჯირების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული საკითხის წარმოება წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ან ბინის მესაკუთრეების ვალდებულებას.“ - წერია მერიის განცხადებაში

"ბათუმელების" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მერიამ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება და დაწერა:

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებულ სტატიაში, ინფორმაცია ისეა გადმოცემული, თითქოსდა 26 მაისის #13-ში მდებარე კორპუსის III სადარბაზოდან შემოსულ წერილში დაფიქსირებული პრობლემა დაკავშირებულია I სადარბაზოში მომხდარ ტრაგედიასთან.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ III სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქე ითხოვდა აივნის რეაბილიტაციასა და შენობის მდგრადობის შემოწმებას, რისი შესწავლაც განხორციელდა მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.

რაც შეეხება შენობის მდგრადობას, მოხდა მისი დათვალიერება, შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ აივნებიდან ბათქაშის ჩამოცვენა, რაც მისი სიძველიდან გამომდინარეობდა. ამას ასევე ადასტურებს უკვე არსებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, სადაც აღნიშნულია, 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე კორპუსის ჩამონგრევის მიზეზები. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ შემოსულ განცხადებაში დასმული საკითხი არ უკავშირდება მომხდარ ტრაგედიას.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, ტრაგედია ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა. კორპუსის სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი