ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შესათანხმებლად "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მომავალ კვირაში შეიკრიბება.
კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ხელისუფლების ოპონენტები ამ ეტაპაზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ერთიანობა მნიშვნელოვანია. მათივე შეფასებით, ამ ერთიანობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია "ენმ"-ს ინიციატივა, რომლითავ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თბილისის ექვს ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს და მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი მათ მხოლოდ ორ ოლქში ეყოლებათ.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ერთ ერთი საერთო კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება და ის კენჭს ვაკეში იყრის.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საერთო კანდიდატებზე შეთანხმების რესურსი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. "ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მთავარია ოპოზიცია ძირითად ცენტრებზე შეთანხმდეს:
ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან იქნება შეთანხმება შესაძლებელი, მაგრამ არც არის საჭირო...მთავარ ცენტრებში თუ შევთანხმებით, ესეც იქნება წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი - ამბობს სერგი კაპანაძე.
ჯერჯერობით განვიხილავთ რამდენიმე ოლქს საქართველოში და ერთ ოლქს თბილისში. ამას დავაკონკრეტებთ ლეიბორისტების ოფისში შეხვედრაზე...ჩვენ არანაირი თვითმიზანი არ გვაქვს, რომ მაინცდამიანც რომელიმე კონკრეტულ ოლქში იყოს ჩვენი კანდიდატი - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე
"ლელოში" კი აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ისინი პარტიის შიგნით მსჯელობენ და ოცდაათივე ოლქში საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ.