საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისა და ეროვნული შერიგების მოთხოვნით, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყება.
პირველი აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება.
ორგანიზატორები აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ ყველას, ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება, მის მიმართ არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა და მიმდინარე სასამართლო განხილვები, კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენი საზოგადოების გახლეჩვასა და დაპირისპირებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს რევანშის სახე აქვს. ეს ფაქტი “ემნესთი ინთერნეიშენალმაც” აღიარა.
საზოგადოება გახლეჩილია და ეს თანაბრად ვნებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, აფეხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტერესებს და ინტეგრაციას.
ჩვენ უნდა შევრიგდეთ და დავასრულოთ ეს დაპირისპირება!
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გახდება წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა კი პოლიტიკური მიკერძოებისაგან თავისუფალი არსებობა და მუშაობა დაიწყოს, ხოლო პოლიტიკურმა სისტემამ მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე კონცენტრაცია მოახდინოს.
პოლიტიკური ნორმალიზაცია ვერ მოხდება სამოქალაქო თანხმობის გარეშე, და სამოქალაქო თანხმობა ვერ შედგება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე.
ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე სახალხო დემონსტრაციებში მონაწილეობით, თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვით და პეტიციაზე ხელმოწერით შეუერთდა და მხარი დაუჭირა საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას !
ეროვნული შერიგების კამპანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან დაიწყება. სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, რადიკალურად დაპირისპირებული, მისი ქვეყნის მოქალაქეები გააერთიანოს", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.