
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე დიდ საქმეს ერთი ადამიანი ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში გააკეთებს. ასე შეაფასა მან მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში "ოცნების" დამფუძნებლის ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიება.
"თვითონ ისტორიკოსი ვარ და ისტორია ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი რომ არის მეცენატი და მარტო ეკლესიები, 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი და უნიკალური ფრესკები, ახლა ამაზე დიდ საქმეს ერთი ადამიანი ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში.
როცა ვსაუბრობთ იმაზე, მომწონს თუ არა ეს სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს, დადებითსაც და უარყოფითსაც. [...] ისტორია მარტო გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს შეტანილი იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია", - თქვა სოზარ სუბარმა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში და რომ არა "ოცნება" ევროპულ სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით ამ დავას ვერ მოვიგდებით.
"ეს უნდა შედიოდეს იმ ისტორიის სახელმძღვანელოში სერგო ორჯონიკიძის, კახაბერ ყორღანაშვილის, იასე ფალავანდიშვილის და სხვა მოღალატეების მსგავსად", - თქვა სუბარმა.
მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო.