„საქართველოში სახელმწიფო მიტაცებულია“ - „თრანსფარენსი ინტერნეშინელის“ ანგარიში კორუფციის ინდექსთან დაკავშირებით გასაჯაროვდა.
კავკასიის რეგიონში საქართველომ წელს უკან დაიხია, მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს პროგრესი აქვთ, საქართველოს კი რეგრესი. სახელმწიფოს მიტაცების და ძალაუფლების კონცენტრაციის გამო ქვეყანამ ორი ქულა დაკარგა.
გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ტერმინის მიტაცებული სახელმწიფოს გამოყენებამ, დღეს წყობიდან გამოიყვანა საქართველოს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ ბრალი „გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისის უფროსს, ეკა გიგაურს წაუყენა და თქვა, რომ სათაო ოფისში ეს ხმაურიანი ტერმინი გიგაურის მოთხოვნით გამოიყენა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის შეფი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ არეკეტებენ ბიზნესს მიტაცებულ სახელმწიფოში, ამბობს, რომ ქვეყნის პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და ვიდრე ოლიგარქი ქვეყნის სათავეში იქნება, ქვეყანა უკუსვლას ინსტიტუციები კი ჩამონგრევას გააგრძელებენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებზე თავდასხმების და შეწყვიტოს მათი მხრიდან მართული დისკრედიტაცია. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ დევნას კიდევ უფრო გააძლიერებს, იმისათვის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხოს.
„გამჭირვალობა საქართველომ“ დღეს „ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ კორუფციის, მათ შორის, ელიტური კორუფციის აღმოფხვრისთვის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შექმნას.
"თრანსფარენს ინთერნეიშენალის" მონაცემების მიხედვით, ხუთბალიანი სისტემით საქართველო სამოსანი ქვეყნების რიგშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს.