
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ბათუმში აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჯერ პოლიციის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი საკრებულოსთან გადაინაცვლეს.
ისინი ამბობენ, რომ სანამ თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე თანამდებობებს არ დატოვებენ, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
"ჩვენ ბოლომდე ერთად უნდა ვიდგეთ, რათა ყველა ჩვენთაგანის ოჯახებში არ შევიდეს ეს ბოროტება. დავით რიჟვაძე სანამ აქ იჯდება, თვითონ არის შემკვეთი და სათავე ამ ბოროტებისა რამაც ჩემი ძმა იმსხვერპლა იმისთვის, რომ საკრებულოში ერთი ხმა მიგვკლებოდა. სანამ ეს ადამიანი აქ იჯდება არ მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, გადადგეს დავით რიჟვაძე, მიყვეს მას თავისი შვილი, თორნიკე რიჟვაძე, გავანთავისუფლოთ ჩვენი აჭარა, ჩვენი ბათუმი ამ ბოროტი მანქანებისგან", - თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ დროულად დაიკითხონ ის პირები, ვინც გავრცელებულ აუდიო მასალაში ფიგურირებენ. ასევე, გამოძიების დასრულებამდე გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.