ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 არგუმენტი, რატომ უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში, ოპოზიცინერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და 6 მიზეზი ჩამოთვალა, რატომაც ის პოლიტიკური პატიმარია:

"პოლიტიკური ანგარიშსწორება ცალსახაა" - პოლიტიკური ანგარიშსწორება რაში მდგომარეობს: არის რაღაც დანაშაული და მერე იძიებ შენ, ვინ ჩაიდინა დანაშაული, საქართველოში მოსვლისთანავე ივანიშვილმა და მერე ღარიბაშვილმა დააანონსეს, რომ ჩვენ ახლა ვიპოვით დანაშაულს, რომელსაც მას მოვარგებთ და ეს სტანდარტულად, ყველა ქვეყანაში აღიარებულია, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.

თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი პირდაპირ ამბობენ, თუ სააკაშვილი შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, თან არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც, ისინი სისხლის სამართლებრივ დევნას შეწყვეტენ და გავიხსენოთ, რომ ყველა საქმე, რომელზეც მას ბრალი წარედგინა, წარედგინა მას შემდეგ, რაც ის ამერიკიდან უკრაინაში დაბრუნდა და თანამდებობა დაიკავა.

"შერჩევითი მართლმსაჯულება" - მას ბრალს უყენებენ ისეთ საქმეებზე, რომელსაც თანამდებობაზე ნამყოფ, ან დღეს მოქმედ ნებისმიერ ჩინოვნიკს დაიჭერ, ვისაც კი რაიმე საჯარო საბუთზე ხელი აქვს მოწერილი. მართლმსაჯულება აშკარად შერჩევითია, იმიტომ რომ ამორჩეულია კონკრეტული ადამიანი, თორემ ასეთი საქმეები შეგიძლიათ შეუკეროთ ნებისმიერ ჩინოვნიკს.

"სამართლიანი სასამართლოს არარსებობა" - გვეუბნება აშშ, ევროკავშირი და ქვეყნის შიგნითაც აბსოლუტური კონსენსუსია, რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. თუ ვთანხმდებით, რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სად დადის ეს კაცი ხო. ყველა ვთანხმდებით, რომ იმ დარბაზში, რომელსაც ფორმალურად სასამართლო ჰქვია, იქ სამართლის დადგენა შეუძლებელია.

"საზოგადოების პოლარიზება" - Facebook-ზე ტრიალებდა პრეზიდენტმა ფორდმა რატომ არ გააგრძელა საქმე ნიქსონის წინააღმდეგ. საინტერესოა მისი ერთი არგუმენტი: ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა შეიძლება დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება დევნა დაიწყოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ, მაგრამ, ამას ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან და უკიდურესი ზომაა, არა თუ პატიმრობა, დევნის დაწყებაც კი.

პრეზიდენტმა ფორდმაც თქვა, რომ ეს ისე გააღრმავებს ამერიკულ საზოგადოებაში პოლარიზებას, რომ ამას უფრო დიდი დამანგრეველი ეფექტი ექნება ამერიკული საზოგადოებისთვის, ვიდრე ის, რომ ნიქსონზე "ვოტერგეიტის" საქმის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.

ან ახლა ტრამპი ავიღოთ, 6 იანვრის საქმეზე კონგრესში კომისიაა შექმნილი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ერიდება, რომ ეს გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დევნაში.

"გავრცელებული კადრები" - ვანო მერაბიშვილს 2013 წლის 17 დეკემბერს, ტომარა გადააფარეს და გაიყვანეს საკნიდან, აქ კადრები არ იყო, მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისად ცნო სტრასბურგის სასამართლომ, რომ აქ აშკარად პოლიტიკურ დევნასთან გვქონდა საქმე და მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა მერაბიშვილთან მიმართებაში.

მთელმა ქვეყანამ რაც ვნახეთ, სააკაშვილისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ან როგორ ექცევიან მას დღეს, ეს ხომ მე-5 საფუძველია იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აქ არანაირ სამართალთან არ გვაქვს საქმე.

"მტკიცებულებების არარსებობა საქმეებში" - თვითონ საქმეებში თუ ჩავიხედავთ, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ და ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ მესამე პირის მონაყოლი, რომ "მე მეორე პირმა მითხრა, რომ თურმე იმან რაღაც ჩაიდინა" - ასეთ რამეზე, არათუ უმაღლესი თანამდებობის პირზე, არამედ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი სასამართლოა, არც ერთი სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა,- თქვა ჭიაბერაშვილმა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, ამ 6 მიზეზიდან, ერთიც საკმარისი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი