ივანიშვილის მორიგი ჩანაფიქრი - ბოტანიკურ ბაღში გზას ჭრიან

გამოქვეყნდა:

ბოტანიკურ ბაღში გზას აბეტონებენ. პანორამა თბილისიდან და თაბორის მთის სასტუმროდან გამომავალი გზები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაჰყავთ - პირველ შემთხვევაში ტურისტულ მარშრუტად, მეორეს მხრივ კი, ველო ტრასად იფუთება. 

დღეს ურბანისტები, გეოლოგები და ეკოლოგები თანხმდებიან, რომ თუკი მანამდე მათ ასე თუ ისე იცოდნენ პანორამისა და თაბორის მთის სასტუმროს შესახებ, ბოტანიკურ ბაღში ამ ობიექტებთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ ამ ტერიტორიაზე ბეტონი ისხმება, რასაც მრავალფეროვანი ფლორა - 200-მდე ენდემური მცენარე ეწირება.

ვინ გასცა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შეჭრის ნებართვა, ბაღის დირექტორი ამბობს, რომ თაბორის მთის სასტუმრომდე გრუნტის საფეხმავლო გზა მანამდეც არსებობდა, უბრალოდ ახლა სასტუმროებიდან გამოსასვლელი და ბოტანიკურ ბაღში შემავალი გზა დააბეტონეს, წავკისის ხეობაში კი ველობილიკის გაკეთება თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა. თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ეს ტყუილია და თბილისის არქიტექტურის სამსახური ბოტანიკურ ბაღში გზის გაჭრასთან არაფერ შუაშია და იქ ნებართვა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასცა.

ირკვევა, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პანორამის პროექტს მართლაც მიანიჭა მეხუთე კლასი. ეს კი, სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, პროექტზე ხელმისაწვდომობას ამცირებს.

თბილისის არქიტექტურის ვირტუალურ რუკაზე ჩანს, რომ სასტუმროდან ბოტანიკურ ბაღში ბეტონის ტრასა მართლაც შედის. ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს ბიძინა ივანიშვილის სახლიდან გამომავალი გზაც კვეთს, რომელიც ჯერ „პანორამა თბილისს“ უერთდება, კვეთს ბოტანიკური ბაღის საზღვრებს და  წავკისის წყლის ხეობაში შედის. პროექტის განხორციელება კი სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და „ფონდ ქართუს“ იდეა იყო.

ფონდში ამბობენ, რომ ბაღისთვის ვიზიტორების და ტურისტების ნაკადი გაცილებით გაიზრდება, თუკი ბაღში შესასვლელს თაბორის მთის სასტუმროდან გააკეთებენ,  შემდეგ კი კოჯრის მხრიდან „პანორამა თბილისს“ მიუერთებენ, ხეობას გაჭრიან და ველობილიკს დააგებენ.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობისას სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით მაშინ ფილმიც გადაიღეს, სადაც პროექტ პანორამის დირექტორი ირაკლი ქარსელაძე საუბრობდა.

„გრინ ვოშინგი“ - ასე უწოდებენ აქტივისტები პროცესს, რომელიც გარემოსთვის აუცილებელი, მწვანე პროცესების  სუროგატული პარკებით ჩანაცვლებას გულისხმობს, ანუ როცა შენ ერევი გარემოში, ართმევ მას ავთენტურობას და ამ ჩარევას მისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებით ამართლებ.

ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური პროცესი მიდის ბოტანიკურ ბაღშიც, კერძო საკუთრებიდან გაყავს გზა ბოტანიკურ ბაღში თუმცა, პარალელურად, საზოგადოებას ეუბნები, რომ ამ ყველაფრის საპირწონედ გავამწვანებ მთაწმინდის პარკს.

მთაწმინდის პარკის გამწვანება დაანონსდა, რომელსაც მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მანამდე მან საზოგადოებას თავი კარგი ნადირობით დაამახსოვრა - საპატრიარქოსთვის მოინადირა აფრიკაში მარტორქა და თავი მათ უსახსოვრა, ხოლო 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიისას - „აშმალახას“ ანუ ვეფხვთან ბრძოლის სტრატეგია დასახა. 

თუმცა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კანონია, რომელიც  მხოლოდ ფურცელზე რჩება. ყველა მთავრობა ცდილობდა კანონი ფინანსურ ინვესტიციაზე მოერგო, რომ ფული წონიდა კულტურულ მემკვიდრეობასაც და მისი დაცვის სისტემებსაც. პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ ქალაქში საკუთარი კვალი სწორედ მონსტრი მშენებლობებით დაეტოვებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი