დმანისიდან გაუჩინარებული "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის ოჯახთან კონტაქტზე პერიოდულად გადის, თუმცა არ ასახელებს სად იმყოფება.
საკრებულოს წევრი, სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო, თუმცა თანამდებობიდან 2 კვირის წინ გაათავისუფლებს. ის მუშაობას მათემატიკის მასწავლებლად აგრძელებდა. რამაზანოვის ახლობლები, ვითარების გასარკვევად დღეს საჯარო სკოლაში მივიდნენ, თუმცა მათ სკოლის პედაგოგები დაუპირისპირდნენ.
პედაგოგებმა მედიაც და ოპოზიციაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ რამიზანოვი ნათესავთან იმყოფება, თუმცა საიდან იციან და რით ადასტურებენ ამ ინფორმაციას, ეს უცნობია.
"არანაირი ზეწოლა, არანაირი მუქარა არაფერი არ არის, თვითონ თავის მეგობრებთან ერთად, როგორც გვითხრეს სოფელში, წავიდა დმანისში, სკოლის შემდეგ, მაგრამ თქვენ ავრცელებთ ცური ინფორმაციას იმის შესახებ რომ ვიღაცეებმა მანქანით წაიყვანეს", - თქვა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
ნათესავებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" სუს-ის დახმარებით დეპუტატის გადაბირება სურს. დმანისში საკრებულოს სხდომა ხვალაა ჩანიშნული, მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს 15-15 წევრი ჰყავთ. თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ხვალინდელ სხდომაზეც ვერ აირჩევენ, ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარება მოუწევს.