ფლოიდის მკვლელობა, არეულობა აშშ-ში და პროტესტი თბილისში - მოსკოვი, შესაძლოა, პროტესტს სათავისოდ იყენებდეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ 46 წლის აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა თბილისშიც გააპროტესტეს. მიტინგის ორგანიზატორი Facebook გვერდი "მემარცხენეობის საერთაშორისო ისტორიაა". ამერიკის მოქალაქე სოფო ჯაფარიძე ამერიკული პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ამერიკელ მარქსისტთა ქართულენოვანი ფეისბუქის მოწვევას ქართველი ფაშისტებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი ორგანიზაციის სახელი, მართალია, დამალეს, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ თბილისურ აქციაში მსოფლიო მემარცხენეობის შეთქმულებას ხედავენ.

ბარაკ ობამას მრჩეველი კი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებში რუსულ სცენარს ხედავს, რომელიც ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების შეტანას გულისხმობს. სუზან რაისის განცხადებას რუსეთში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. რუსეთის ჩართულობის ვერსია სასაცილოდ არ ჰყოფნით თბილისური მიტინგის ორგანიზატორებსაც.

2016 წელს პოლიციელის ხელით შავკანიანი ფილანდო კასტილის მკვლელობამ ქუჩებში ასევე უამრავი ადამიანი გამოიყვანა, მაგრამ პროტესტი მალე იქცა ძალადობრივად. ისევე, როგორც ორი წლით ადრე მინეაპოლისში. ფეისბუქის საგანგებო გვერდები გამოსვლების ლიდერობას ცდილობდნენ. გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ ამ გვერდების ე.წ. მეტადატაში, ანუ საბაზისო მონაცემებში, შემქმნელების რუსულენოვანი კომპიუტერების სამუშაო ენა დამალული არ იყო. სათაურშიც კი დაშვებული იყო მარტივი ორთოგრაფიული შეცდომა. ის, რაც თვალით არ ჩანდა, გამოჩნდა სპეცსამსახურების დახმარებით - შეიარაღებული გამოსვლებისა და მაროდიორობისკენ ამერიკის მოქალაქეებს პეტერბურგიდან მოუწოდებდნენ, სავუშკინის ქუჩის 55-ე ნომრიდან. შენობა ეკუთვნოდა მილიარდერ ევგენი პრიგოჟინს, პუტინის პირად მეგობარს.

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს გამოძიებამ მიაგნო სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომლებიც გაცილებით უფრო შორს მიდის. გეგმავს, მაგალითად, შეერთებულ შტატებში პანაფრიკული სახელმწიფოს შექმნას და ამისთვის მებრძოლ შავკანიანთა ჯგუფების ჩამოყალიბებას. ასეთი გრანდიოზული ამბების ფონზე პროტესტის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გავრცელების ხელშეწყობა ალოგიკური საერთოდ არ ჩანს.

ხანგრძლივი პატიმრობის პერსპექტივა, რომელიც ემუქრება ჯორჯ ფლოიდის მკვლელ პოლიციელებს, ვერ ანელებს ძალადობასა და მაროდიორობას ამერიკაში. ანტიფა, ანუ ანტიფაშისტები, რომელსაც ტრამპი ახსენებს, საეჭვო წარმოშობისა და კიდევ უფრო საეჭვო საქმიანობის ორგანიზაციაა. მისი ხელწერა ამერიკის ქალაქებს აშკარად ეტყობა, სანამ პოლიციის მანქანას ცეცხლს წაუკიდებენ, ზედ ACAB-ს აწერენ, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ყველა ძაღლი ნაბიჭვარია.

აშშ-ში ორი კვირაა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის მხრიდან არაადამიანური ქმედებების შედეგად დაიღუპა.

 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი