არაკონსტიტუციური ჯარიმები - საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

სოფელ წყალთბილაში სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაჯარიმების ხარჯზე, ზუსტად ხუთ წუთში, სახელმწიფო ბიუჯეტი 15 ათასი ლარით გაამდიდრეს.

COVID 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გამო, სოფელში, რომელიც საქართველოს სამხრეთ საზღვართან ახლოს მდებარეობს და რომელშიც უკლებლივ ყველა კომლი ეთნიკურად სომეხია, სამართალდამცავებმა ბევრი საჯარიმო ქვითარი გამოწერეს.

უსამართლობის განცდამ და დაკისრებული სანქციის სიმძიმემ წყალთბილელებს ჩივილის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. მათი სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

საქართველოში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილ და დასჯილ 8 716 ფიზიკურ პირს შორის მირზად ნაბიევიც მოხვდა. სოციალურად დაუცველმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ავადმყოფ დედასა და ობოლ ძმისშვილს უვლის, დღემდე არ იცის, რატომ დააკავეს და რისთვის დააჯარიმეს პოლიციელებმა.

სასამართლოში, მირზადისა და კიდევ ხუთი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქის ინტერესს, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC დაიცავს.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ ფიზიკური პირების შემთხვევაში - 26 148 000 ლარი; ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - 315 ათასი ლარი შეადგინა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი, რომელიც პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლის არაკონსტიტუციურობას შეეხება, წარმოებაში უკვე მიიღო. მოსარჩელე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა საკუთარ უფლებამოსილებას მაშინ გადააჭარბა, როცა ესა თუ ის ქმედება კანონდარღვევად გამოაცხადა და სასჯელის ზომაც ერთპიროვნულად განსაზღვრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვე დასჭირდება. მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმდნენ, შესაძლოა, იმ საკანონმდებლო ინიციატივამ იხსნას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

საჯაროდ გაცხადებულია, რომ მთავრობა ჯარიმების ჩამოწერაზე არ ფიქრობს, თუმცა ისიც ცალსახაა, რომ დაჯარიმებულთა უმრავლესობა სამი ათასი ლარის გადახდას ან არ აპირებს, ან უბრალოდ არ შეუძლია.

შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი, ალბათ, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება გახდება, რომელიც დიდი ალბათობით, დაადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების სამივე შტომ - პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ, ქვეყნის უმაღლესი კანონი, კონსტიტუცია ერთდროულად დაარღვია.

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი