როგორ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი დმანისში? ოპოზიციის დეპუტატი რამიზ რამაზანოვი მეორე დღეა გაუჩინარებულია და სწორედ მასზეა დამოკიდებული ხვალინდელი სხდომის ბედი ადგილობრივ საკრებულოში. თუ ქართული ოცნება მოახერხებს რამაზანოვის გადაბირებას, მაშინ მმართველი პარტია უმრავლესობას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა ისევ ჩაიშლება და დმანისში განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.
რამიზ რამაზანოვი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს. მივა თუ არა ხვალინდელ სხდომაზე - ჯერ არავინ იცის.
გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რამაზანოვი ოპოზიციის ბოიკოტს ეთიშება.
ბოლოს მათემატიკის მასწავლებელი სოფელ ზემო ოროზმანის სკოლასთან, გუშინ დილით ნახეს. იქვე მოძრაობდნენ სუს-ის მანქანები.
ოპოზციის ინფორმაციით რამაზანოვი ბოლოს სოფელ კიზილაჯლოს საშუალო სკოლის დირექტორთან ერთად ნახეს და სავარაუდოდ დეპუტატიც აზერ ალიევის სახლში ყავთ გადამალული. ალიევიც დმანისის საკრებულოს წევრია.
სხდომა დმანისის საკრებულოში ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული. თუკი სხდომაზე კვროუმი ვერ შეიკრიბა და ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბოიკოტი შეინარჩუნა, მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნები დაინიშნება.