კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - ოპოზიციის სტრატეგია და სავარაუდო კანდიდატები

გამოქვეყნდა:

კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - ოპოზიციის სტრატეგია საპარლამენტო არჩევნებისთვის ცნობილია. ხელისუფლების ოპონენტების მთავარ მიზანს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება წარმოადგენს და სურთ, რომ ერთიანი გეგმით იბრძოლონ.

„გირჩი“ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს.

ჩემი გამოწევის მიზანი იყო ის, რომ ოპოზიციის შიგნით გაიოლებულიყო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, კონკრეტულად თბილისში, - ამბობს ჯაფარიძე.

მთავარი კანდიდატი, ვის სასარგებლოდაც ზურაბ ჯაფარიძე გვერდზე გავიდა, ელენე ხოშტარიაა. „ევროპული საქართველოს“ წევრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია გონივრულად მოიქცეს. ის ადასტურებს, რომ ვაკის მაჟორიტარად თავს განიხილავს, თუმცა, ამბობს, რომ ეგოისტობის დრო არ არის.

ვაკეში შესაძლოა მაჟორიტარობის კანდიდატად „ლელოდან“ ბადრი ჯაფარიძე იყოს. ასევე, ამავე ოლქში შესაძლოა ხმებისთვის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც იბრძოლოს.

ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარულ ოლქებში გადაწყვეტილებები მალე უნდა მიიღოს, განსაკუთრებით თბილისში. დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას „გამარჯვების ფორმულას“ სთავაზობს.

ორი ნაციონალი, ორი ლელო, ორი ევროპული საქართველო, ერთი ალეკო ელისაშვილი და მერვე ადგილზე ყველაზე სტაბილური პარტია არის ჩვენი ამდენთვიანი მასპინძელი - ეზოში თუ დარბაზში - კონკრეტულად შალვა ნათელაშვილი, ეს იქნებოდა ჩემი რვიანი, - ამბობს ბერძენიშვილი.

თბილისის ოლქებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექვსი მაჟორიტარი დათმო და მხოლოდ ორ რაიონში იბრძოლებს. რომელ რაიონში იქნება ნიკა მელია მაჟორიტარი, უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელია გლდანში იბრძოლებს, სამგორში კი ლევან ხაბეიშვილი. 

არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ ენმ-დან ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში დავით კირკიტაძე, თელავში გიორგი ბოტკოველი იბრძოლებენ. კახეთში ივანიშვილი ოპოზიციას, სავარაუდოდ, მოქმედ გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს და დავით სონღულაშვილს დაუპირისპირებს. ოპოზიციასთან დაახლოებული პირები არ გამორიცხავენ, რომ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს გამაერთიანებელ კახურ ოლქში პრეტენზია ირაკლი ოქრუაშვილს აქვს. ცნობილია, რომ ივანიშვილი სიას თავად ადგენს.

ექსპერტების შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დათმობით ოპოზიციის ერთობის მაგიდა არ ააყირავა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თბილისში ის მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს, თუმცა, რომელ ოლქში იქნება, უცნობია.

რაც შეეხება, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების საარჩევნო გეგმებს, ცნობილია, რომ თამარ ჩუგოშვილი პარტიას არ შექმნის, თუმცა, თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკაში რჩება.

თუმცა, „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატების ნაწილმა პარტია დააფუძნეს. წასულების გაერთიანებას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს. "ოცნებიდან" წასული კიდევ ერთი დეპუტატის ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„ქართული ოცნება“ აჭარაში კანდიდატად თორნიკე რიჟვაძეს და დავით გაბაიძეს გამოიყვანს, ოპოზიციიდან ხმების მოპოვებას კი არმაზ ახვლედიანი შეეცდება.

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე დასახელდებიან, რის შემდეგაც რეგიონებში დასაყენებელ კანდიდატებზე დაიწყებენ მსჯელობას.

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი