მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეული ადამიანის უფლებები - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში - ომბუდსმენმა 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ დარღვევად შეაფასა მისთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების შეზღუდვა და მისი ძალის გამოყენებით გადაყვანა რუსთავიდან გლდანის ციხეში:

"საქართველს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე დაუსაბუთებელი არგუმენტით, ჩვენი აზრით, არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას" განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანგარიშში ვკითხულობთ:

"სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.

რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც."

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი