"პატიმართა გაჩუმება, პრობლემაზე საუბრის აკრძალვა" - ომბუდსმენი ციხეებში, არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

არაფორმალური მმართველობა ციხეებში ისევ პრობლემაა - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია ნინო ლომჯარიამ გამართა:

"სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციურ დაწესებულებაში არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემაზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებაში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, არაფორმალური მმართველობა პარტიათა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება." ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, დიდი პრობლემაა პატიმრების სამედიცინო მომსახურების კუთხითაც და 2021 ომბუდსმენს ციხეებიდან ყველაზე ხშირად ჯანდაცვაზე შევიდა ყველაზე მეტი საჩივარი.

ანგარიშში ნათქვამია:

"2021 წელსაც პრობლემური იყო პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის საკითხი. არაერთ დაწესებულებაში გამოვლინდა პრობლემები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის კუთხით და ყველაზე მეტი საჩივრები სახალხო დამცველის აპარატში ამ ნიშნით ფიქსირდებოდა. 2021 წლის მანძილზე შენარჩუნებული იყო პატიმართა დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. სახალხო დამცველმა არაერთი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

2021 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა ნახევრად ღია დაწესებულებების ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად ორგანიზებული იყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ დროებით აჩერებდა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე პრევენციულ ვიზიტებს.

2021 მაისში საქართველოს ეწვია წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საგანგებო ვიზიტით, სადაც შემოწმდა ნახევრად ღია დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მიერ გაცხადებულ იქნა საჯაროდ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ შეექმნებოდათ პრობლემები საქმიანობის განხორციელებისას.

პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს ასევე, რომ დაწესებულების სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ვაქცინირებულია. აქტიურად მიმდინარეობდა პატიმართა ვაქცინაციის პროცესი და 2 კვირაში ერთხელ PCR ტესტირება. დაწესებულებებში გამოყოფილია საკარანტინე სივრცეები.

2021 წელს, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებულად პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის არათანამიმდევრული პრაქტიკა. ადგილობრივი საბჭოები ხშირ შემთხვევაში არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს და არ უთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვას - ნაკლებს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე პრობლემურია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში ადგილობრივი საბჭოების მიერ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი