„ტიფლის დეველოპმენტი“ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას და საარბიტრაჟო დავას აანონსებს, მერიაში კი იფიცებიან, რომ ინვესტორს ამის უფლებას არ მისცემენ

გამოქვეყნდა:

კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“ სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას და ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყებს. ერთი წლის წინ ინვესტორს, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებდა, კახი კალაძე მშენებლობის შეჩერების სანაცვლოდ ალტერნატიულ ტერიტორიის გადაცემას დაპირდა, მაშინ კალაძე ამაყობდა, რომ ვაკის პარკი მასშტაბურ მშენებლობას გადაარჩინა, თუცა ახლა ცნობილი ხდება რომ ინვესტორი მოატყუეს.

ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელი გოგა ზაქაიძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მისთვის ქონების წართმევას ცდილობს. 

მიუხედავად კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ ინვესტორთან მოლაპარაკება შედგა, საინვესტიციო კომპანიას არც ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს და არც მათი წინადადებები მიიღეს. გიორგი ზაქაიძე ირწმუნება, რომ მზად იყო გაეცვალა ტერიტორია გარეუბანში მდებარე მიწის ნაკვეთში, მეტობის შემთხვევაში დაეფარა სხვაობა და შეეცვალა პროფილიც კი. თუმცა მერთან გამართული შეხვედრებისას მიღებული დაპირებები, დაპირებად დარჩა. ერთადერთი, რაც კალაძემ შესთავაზა, ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით, ინვესტიციისთვის არამომგებიანი მიწის ნაკვეთი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ტიფლის დეველოპმენტმა“ მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით საქმე უზენაეს სასამართლოში მოიგო და არსებობს ზონალური საბჭოს მიერ გაცემული უვადო სპეცნებართვა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერია ამბობს, რომ სასტუმროს აშენების ხელახალ ნებართვას არ გასცემს. იმისთვის, რომ ნათქვამი მეტად სარწმუნო გაეხადა, ვიცემერმა დღეს დაიფიცა კიდეც. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც „ტიფლის დეველოპმენტის“ წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოდა, დღეს განვითარებული პროცესებით გაოგნებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რატომ არ გააუქმა მერიამ ზონალური შეთანხმება, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიღების გარანტიაა. ნინო გუჯარიძის განცხადებით, პრობლემის მოგვარების გარანტად კალაძემ არასამთავრობოებს კაცური სიტყვა შესთავაზა. 

„ტიფლის დეველოპმენტისთვის“ 2013 წელს მიცემულ მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა, თუმცა ძალაშია ზონალური საბჭოს სპეცნებართვა. სწორედ ამიტომ კომპანიის წარმომადგენლები მერიას ხელახალი ნებართვის მიღების მოთხოვნით თვის ბოლომდე მიმართავენ.

დედაქალაქის მთავრობას კი უარის თქმის უფლება მკაფიო დასაბუთების გარეშე არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლოში წავა. გიორგი ზაქაიძე კი ამბობს, რომ ვაკის პარკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მთლიანი ღირებულება 22 მილიონი დოლარია, 5 მილიონი დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი