სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მექსიკაში სატვირთო ავტომობილის ამობრუნების შედეგად - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 150-ზე მეტი მიგრანტი ცენტრალური ამერიკიდან მექსიკის მიმართულებით გადასაყვანად, სატვირთო მანქანის მისაბმელში ჩასვეს. სატვირთო ჩიაპასის შტატში ხიდზე მოხვევისას ამოტრიალდა და ხიდის კიდეს შეეჯახა.
დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. დაშავდა 58 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილების უმრავლესობა გვატემალისა და ჰონდურასის მოქალაქე იყო.
გამოცემის ცნობით, მოსახლეობამ ავარიის შედეგად გადარჩენილებს წყალი და მობილური ტელეფონები შესთავაზა ნათესავებთან დასაკავშირებლად. ადგილობრივების თქმით, მძღოლი და მასთან მყოფი პირი დაშავებულები იყვნენ, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.