ტიკარაძის გადადგომის რეალურ მიზეზად ჟურნალისტი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირბულ საკითხს ასახელებს. "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას კილაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის სიძულვილის კამპანიასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ტიკარაძის გადაწყვეტილებები, რომელიც პირადად აკონტროლებდა მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მიმდინარეობას.
გარდა ამისა, კილაძე ამბობს, რომ ტიკარაძე სუს-ის უფროსთანაც დაპირისპირებაში იყო:
"ტიკარაძე არ იყო ერთი შეხედვით როგორც ჩანდა ისეთი მორჩილი მინისტრი. მას ჰქონდა დაპირისპირება სუს-თან, "ოდეერებს" არ აჭაჭანებდა სამინისტროში. მუდმივად იყო დაძაბულობა სუს-ის უფროსსა და ტიკარაძეს შორის. არსებობდა ასევე წინააღმდეგობები და ჩვენ ვიცით ბოლო საკოორდინაციო საბჭო, როდესაც მან დატოვა მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის საბაბები, საბოლოო ჯამში, ძირითადი მიზეზი მისი მძიმე დაპირისპირების ღარიბაშვილთან, იყო მიხეილ სააკაშვილის თემა" ამბობს კილაძე.
კილაძის თქმით, სწორედ ტიკარაძე აღმოჩნდა ერთადერთი მინისტრი მთელს კაბინეტში, რომელიც წავიდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ:
"შეხვდა კონსილიუმის წევრებს, შეხვდა პრეზიდენტის დედას, ჩავიდა გორში და თავად აკონტროლებდა მუდმივად სააკაშვილის მდგომარეობას და არ მისცა არავის საშუალება ამ თემებით სპეკულაციის" ამბობს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება ტიკარაძემ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღო, რადგან გომელაურთან ერთად, ის ოლიგარქის ერთადერთი ფავორიტი მინისტრი იყო.