საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციაა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიის ორი საყრდენის, არჩევნებისა და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას არყევს.
ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს.
...დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია.
როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახვინა.
საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:
- სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.
- ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება...
თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.