ჰოკეის ნაკრები და არარსებული სტადიონი ზუგდიდში - სამეგრელოში გაფლანგულ თანხებს და უფუნქციო შენობებს ჩივიან

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, უბნების უმრავლესობა სტადიონების გარეშეა - ბავშვებს ფეხბურთის თამაში ასფალტზე უწევთ. ერთ-ერთ უბანში, მშენებლობაში, რომელიც  2017 წელს უნდა დასრულებულიყო  20 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.

ზუგდიდელებს რომ უეფას სტანდარტების ახალი სტადიონი უნდა ჰქონოდა, ამაზე პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო, მშენებლობა კომპანია “დაგმა” შეასრულა, „დაგის“ აშენებული ზუგდიდის მერიამ კი ჩაიბარა, მაგრამ ხარვეზების გამო სტადიონი ვერ გახსნა.

მინდვრის საფარის გარშემო შემოვლებულია რკინა-ბეტონის ჯებირი, მასთან დაჯახების შემთხვევაში ფეხბურთელმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღოს. ტრიბუნები იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაყურებელთა გარკვეული ნაწილი ვერ შეძლებს მოედნის სრულად დანახვას, სკამების ნაწილს კი გვერდითა მხრიდან ბეტონის კედელი ეფარება.

კომპანია, რომელსაც ზუგდიდის სტადიონი უნდა აეშენებინა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში არაერთი დარღვევა აქვს, გაჭიანურებული ჭიათურის საბაგიროს პროექტი, ავტობაზის მშენებლობა - მათ მიერ ცუდად შესრულებული მსხვილი პროექტების მცირე ჩამონათვალია.  მიუხედავად ამისა, კომპანია  სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობის იღებს და იმარჯვებს კიდეც.

ზუგდიდის ყინულის მოედნის შიდა სივრცის გასაბერად ჩატუმბული ჰაერი დასკოჩილი ფანჯრებიდან შხუილით გამოდის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის მიუხედავად, ქალაქში თაობები ისე გაიზარდა, ყინულზე არ მდგარან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყინულის მოედნის კარები გამოიხურა. ხელისუფლება წლებია ცდილობს, რომ მოედანს ფუნქცია შესძინოს, მაგრამ ამას მხოლოდ ფურცელზე ახერხებს. ამის დასტურია ის ფაქტი, როდესაც შარშან ჰოკეის ადგილობრივი ნაკრები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით  დააკომპლექტა და არარსებულ ჰოკეისტებს ცალკე ხელფასი დაუნიშნა. 

2019 წელს ყინულის მოედნის ტერიტორია სამშენებლო კომპანიას ხელისუფლებამ ისე მიჰყიდა, რომ არც იმ ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება საჯაროდ შეთანხმდნენ.

ზუგდიდის გარდა, მიტოვებულია ანაკლიაც. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს დასუფთავებისთვის წლიდან წლამდე სოლიდური თანხები იხარჯება, პლასტმასის ნარჩენებს ადგილზე მრავლად ნახავთ. ყველაზე რთული ვითარებას კი  მაინც ენგური ქმნის, სანაპიროზე მდებარე შენობებს და მთლიანად ზოლს მისი წყალუხვობა საფრთხეს უქმნის, მაშინ როდესაც სპეციალური ჯებირების ფილები უფუნქციოდ აწყვია.

უფუნქციო შენობების ნუსხა სამეგრელოში გაცილებით გრძელია. წლები გადის, ფული იხარჯება, მაგრამ ამ შენობებით ხალხი და შესაბამისად, ქვეყანა ვერ სარგებლობს. ქარს გაყოლილი ინვესტიციები კი სამეგრელოს გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც მრავლადაა.

 

ავტორი: ნანი სისვაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი